მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » Storage Options miScrol: ბიუჯეტური პლანშეტი Android 2.3-ით
12:12 PM
Storage Options miScrol: ბიუჯეტური პლანშეტი Android 2.3-ით

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორიოდე წელი პლანშეტების რევოლუციის ხანად იქცა. მათ დაიპყრეს მსოფლიო კომპიუტერული ბაზარი და შეაღწიეს ყველა სფეროში.
ამ მოვლენას მრავალი ახსნა აქვს, რომლებზეც აღარ შევჩერდებით. ფაქტია, რომ თანდათან ყველა წამყვანი მწარმოებელი ცდილობს ფეხი მოიკიდოს ამ სეგმენტში და საზოგადოება გააოცოს ახალი ქმნილებით. ეს პროცესი კი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წარმოიდგინეთ კონკურენტებად წარმოჩენილი ისეთი მოწყობილობები, როგორებიცაა: Apple iPad 2, Samsung Galaxy Tab, Dell Streak, Motorola Xoom, Blackberry Playbook და WebOS-ის ჭეშმარიტი წარმომადგენელი HP TouchPad. ყველაზე სერიოზულ მოთამაშედ კი მალე შეიძლება Amazon Kindle Fire იქცეს. საკმაოდ მისაღები ფასის და კარგი აპარატული მონაცემების გამო მას უკვე უწინასწარმეტყველებენ გაყიდვების რეკორდის მოხსნას. მაგრამ ზემოთჩამოთვლილ პლანშეტებს ერთი საერთო უარყოფითი მახასიათებელი აქვთ: ფასი. არავისთვის გასაკვირი არაა, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ყოველთვის ცდილობს არჩევანი ბიუჯეტურ გადაწყვეტილებებზე შეაჩეროს. ეს, ერთი მხრივ, ფინანსების დაზოგვის საშუალებას იძლევა, მაგრამ თავისი უარყოფითი მხარეც გააჩნია: შედარებით იაფფასიანი მოდელები სუსტი ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევიან და ხშირად დიდი სხვაობით აგებენ წარმადობაში შეჯიბრს „უფროს ძმებთან". 
ერთ-ერთი ასეთი ბიუჯეტური მოწყობილობა გახლავთ Storage Options miScrol. პირველი, რაც თვალში გვხვდება, ნაკლებად პოპულარული (შეგვეძლო გვეთქვა უცნობი) ბრენდის სახელწოდებაა. საქმე იმაშია, რომ Storage Options ზოგადად სპეციალიზებულია შედარებით დაბალფასიანი ტექნიკის წარმოებაზე და მისი ინტერესების სფეროში პლანშეტებიც მოექცნენ. miScrol ერთადერთი არ არის კომპანიის მიერ დაპროექტებულ მსგავს მოწყობილობებში, მის გარდა ამ ბრენდის მარკით მონიშნული კიდევ ოთხი ტაბლეტი გამოდის.
ტექნიკური მონაცემები: პროცესორი 1GHz ARM 11, ოპერატიული მეხსიერება 256 GB DDR2, შიდა მეხსიერება 4 GB ჩაშენებული MicroSD (შესაძლებელია გაზრდა 32 GB-მდე), დისპლეი 7’’ 800 x 480 Resistive Touch Screen, ბატარეა 3400mAh Li-Polymer, კამერა 0.3 Megapixel, 16 ბიტიანი გიროსენსორი ეკრანის 360° კუთხით შემოტრიალების მხარდაჭერით, სპიკერები 1W / 8Ω, უკაბელო კავშირი Wi-Fi 802.11b/g, 3.5mm-იანი სტანდარტული აუდიოგამოსასვლელი ყურსასმენებისათვის, TV Output Mini HDMI, USB პორტი შესაბამისი ინტერფეისის მქონე მოწყობილობების მისაერთებლად, OpenGL 2.0 3D მხარდაჭერა, ვიდეო ფორმატები: Full 1080p MPEG-2, MPEG-4, AVS, H.264, WMV, AVI, MP4, RMVB, FLV, MKV, ელექტრონული წიგნების ფორმატები: EPUB, TXT, HTM, HTML, FB2, დამატებითი ფუნქციები: Music, Photos, Movies, E-mail, 3D Games, ოპერაციული სისტემა: Android 2.3.

ერთი შეხედვით არც თუ ისე ურიგო მონაცემებია ულტრაპორტატული პლანშეტისათვის, თუმცა რეალურად რა იმალება მათ მიღმა, ეს უკვე ცალკე საკითხია. მოწყობილობა შეფუთულია სხვადასხვა ფერით აჭრელებულ ყუთში, სადაც მის გარდა აღმოაჩენთ დენის ადაპტერს, ინსტრუქციების კრებულს და ძალზედ მოკლე USB კაბელს. miScroll ზომებში სტანდარტული პლანშეტის მსგავსია: 200mm x 122mm x12mm. 7-ინჩიანი დისპლეი, რომელიც კორპუსის უდიდეს ნაწილს იკავებს, სამწუხაროდ, resistive ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სენსორული ეკრანების შემთხვევაში capacitive ბევრად უკეთესია მოსახმარად, თუმცა ამის გაფიქრებასთან ერთად გვახსენდება, რომ საქმე ბიუჯეტურ მოწყობილობასთან გვაქვს და ვეგუებით ამ მცირე ნაკლს. დისპლეის ქვემოთ სულ სამი ღილაკია განთავსებული: მარცხენა დოკ მენიუს გასახსნელად გამოიყენება, დანარჩენი ორი კი Home და Return ფუნქციას ითავსებს. ტაბლეტის წინა მხარეს ასევე განთავსებულია 0.3 Megapixel-იანი კამერა, რომლისგანაც სასწაულებს ნამდვილად არავინ უნდა ელოდოს – მხოლოდ დაბალი ხარისხის გამოსახულება. გვერდითა პანელზე შეინიშნება მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის და ხმის სარეგულირებელი ღილაკები. უკანა პანელი შავ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა Storage Options-მა იზრუნა მომხმარებელზე და ოფციონალური ლურჯი და წითელი ფერის პანელები თან მოაყოლა პლანშეტს. თუ რამდენად მოუხდება რომელიმე მათგანი ამ უკანასკნელს, ამის გადაწყვეტა თქვენთვის მოგვინდვია.
პროგრამული უზრუნველყოფა მთლიანად Android-ზეა დაფუძნებული (ვერსია 2.3). შესაბამისად ყველაზე აქტუალური პუნქტი მასში Android Market გახლავთ. მისი გახსნა და შემდგომი ნავიგაცია მის ფარგლებში, სამწუხაროდ, შენელებულად ხორციელდებოდა. აპარატული მონაცემების სიმწირე თავის დაღს ასვამს მოწყობილობის კომფორტულად გამოყენების პროცესს. პოპულარული თამაშის Angry Birds-ის შემთხვევაშიც იოლად შესამჩნევი ლაგი დაფიქსირდა.
ვიდეოს დაკვრის რეჟიმში პლანშეტი შეუფერხებლად მუშაობდა და მწარმოებლის მიერ გაცხადებულ ყველა ფორმატს უპრობლემოდ გაუმკლავდა. G სენსორმა მცირედი იმედგაცრუება დაგვიტოვა, რადგან მოწყობილობის კორპუსის შემობრუნებისას გამოსახულების მობრუნება დაყოვნებით ხდებოდა. ვებ ბრაუზერი კი სუსტი ოპერატიული მეხსიერების პირობებში არც თუ ისე კარგად დაგვამახსოვრდა.
მოწყობილობის საორიენტაციო ფასი: £99.99

 

ნანახია: 796 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: