მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » 10 მითი ჰოლივუდის ფილმებიდან
7:47 PM
10 მითი ჰოლივუდის ფილმებიდან

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ფილმები რეალობისგან განსხვავდება. აქ წარმოდგენილია 10 პოპულარული მომენტი, რომლებიც ფილმებში ჩანს, როგორც დაძაბული და საინტერესო, თუმცა ეს ყველაფერი მითია და რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ მოსაწყენიც.

1. რომანტიკა აეროპორტში

კომედიური მელოდრამების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დასასრული აეროპორტში ხდება, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი აეროპორტის დაცვას გამოექცევა და ცდილობს მიუსწროს გოგონას, რომელიც ეს-ესაა გაფრენას აპირებს. ხოლო სანამ დაცვა მოვა, ეს ახალგაზრდა გოგოსთვის სიყვარულის ახსნას მოასწრებს და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდება.

შესაძლოა, ადრე ასეთი სცენარი კარგად დამთავრებულიყო, თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, ასეთი რამის გაკეთება ერთ ახალგაზრდა ბიჭს სურდა ნიუ-ჯერსის აეროპორტში, თუმცა ამის გამო გადაიდო 200-ზე მეტი რეისი და დაიკეტა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. ამის შემდეგ ნიუ-ჯერსიში შეიმუშავეს კანონი, რომელიც ამ დარღვევის შემთხვევაში 14 თვიან პატიმრობას ითვალისწინებს.

2. ქიმია - სიყვარულისთვის

ფილმში "Wedding Crashers" ოუენ უილსონის პერსონაჟი თავის კონკურენტს სასმელში რაღაცას შეურევს, ხოლო მსხვერპლს სანამ გული ერევა, ეს თავის ოცნების ქალს სიყვარულს აუხსნის.

რეალობაში ეს ყველაფერი ასე მარტივად არაა. აშშ-ში მოწამვლის მცდელობისთვის შეიძლება 10 წელი პატიმრობის მიღება. სწორედ ასეთი ბრალდება წაუყენეს ფლორიდაში მცხოვრებ ქალბატონს, რომელმაც სამუშაოზე თავის კოლეგას სასმელში თვალის წვეთები ჩაუმატა.

3. თავში დარტყმა

ამ შემთხვევას შეიძლება შევხვდეთ ყოველ მეორე ტრილერში თუ ბოევიკში: ერთ-ერთ გმირს თავში რაღაცას ჩაარტყამენ და ის უგონოდ ეცემა ძირს. რამდენიმე საათის შემდეგ კი ის იღვიძებს და ხედავს, რომ დაბმულია. არ ახსოვს აქ როგორ მოხვდა და ა.შ.

რეალობა გაცილებით სასტიკი ყოფილა. პირველ რიგში, თუ გონწასული ადამიანი 5 წუთში თვალს არ გაახელს, ე.ი. მან სერიოზული ტრავმა მიიღო და ამ დროს სასურველია სასწრაფოს გამოძახება. ხოლო ასეთი ტრავმების გამეორებას კი შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვეს. თუ რეალურად შევაფასებთ, ”LOST”-ის გმირებს მე-3 სეზონისთვის ლაპარაკისა და აზროვნების უნარი უნდა წართმეოდათ.

4. პარალიზება

ფილმში ”სამი იქსი” ვინ დიზელის გმირს სპეციალურ ისრებს ესვრიან, რის შედეგადაც გმირი პარალიზებული ეცემა ძირს და რამდენიმე საათის განმავლობაში გონწასულია. თუმცა, შემდეგ ის უცებ ფხიზლდება და მზადაა საბრძოლველად.

თუ ამ უცებ გამოფხიზლებას ვინ დიზელის შესანიშნავი ფიზიკური ფორმის დამსახურებად ჩავთვლით, მაშინ თვითონ გათიშვის ფაქტს ვერაფრით ავხსნით. ადამიანის უგონო მდგომარეობაში მოყვანა(მითუმეტეს რამდენიმე საათით) ასეთი ადვილი რომ ყოფილიყო, მთელი მსოფლიოს ანესთეზიოლოგები უმუშევრები დარჩებოდნენ.

5. აფეთქების ტალღაში

თითქმის ყველა ბოევიკში კლასიკურ სცენად აფეთქება ითვლება, როცა მთავარი გმირი ნახტომით შველის თავს. როგორც წესი, ამ დროს აფეთქების ტალღა გმირს მსუბუქად აგდებს წინ, თუმცა ვერაფერს უშავებს. რამდენიმე წამის შემდეგ, პერსონაჟი სახსალამათი წამოხტება და აგრძელებს ბრძოლას.

ბომბები ასეთი არაეფექტური რომ ყოფილიყო, საომარ მოქმედებებში მათი გამოყენება უაზრო იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის იარაღი ცოცხალ ძალას ანადგურებს არა მხოლოდ ნამსხვრევებით, არამედ გამოყოფილი ენერგიით და წნევის ვარდნით, რომელიც სერიოზულ შინაგან დაზიანებებს იწვევს. გარდა ამისა, ფილმებში ხშირად ვხვდებით გრანატას კბილებით რომ ხსნიან. რეალობაში ადამიანი, რომელიც ამას შეეცდება კბილების გარეშე დარჩება, რადგან გრანატის გახსნას საკმაო ძალისხმევა სჭირდება.

6. შუშის გავლით

ფილმებში არის ხოლმე მომენტი, როცა ერთი პერსონაჟი მეორისგან გარბის, წინ შუშის ბარიერი დახვდება, თუმცა არც დაფიქრდება ისე გაამსხვრევს მას და თითქოს არაფერი მომხდარა, რამდენიმე პატარა ნაკაწრით გააგრძელებს გზას.

რა თქმა უნდა, ტანით ჩვეულებრივი შუშის გატეხვა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ფანჯრის შუშას წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად გატეხვა ახასიათებს და იმის მაგივრად, რომ აქეთ-იქით გაიფანტოს, ნამსხვრევები პირდაპირ ქვემოთ მოდის სეტყვასავით. მის ქვეშ აღმოჩენამ, ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრების ნაიარევი დაუტოვოს.

7. დიდი სიმაღლიდან ვარდნა

ზოგ ბოევიკში, მაგალითად ”ტრანსფორმერებში”, არის მომენტი, როცა პერსონაჟი 15-20 მეტრიდან ხტება და ქვიშაზე ან რამე შედარებით რბილ ზედაპირზე ეცემა ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

რა თქმა უნდა, ბევრისთვისაა ცნობილი ისტორიები, როცა ვინმე თვითმფრინავიდან გადმოვარდა და ცოცხალი გადარჩა, თუმცა ეს ისტორიები ცნობილი იშვიათობის გამო ხდება, ასეთი შემთხვევები ნამდვილ სასწაულად ითვლება. სასიკვდილო ტრავმა ადამიანმა შეიძლება 10 მეტრი სიმაღლიდან გადმოხტომისას მიიღოს.

8. ტყვიით დაჭრის შედეგი

დავუშვათ, ჩვენმა გმირმა შუშა გატეხა და სირბილი გააგრძელა, გადაურჩა ყველანაირ აფეთქებებს, ხტებოდა სიმაღლეებიდან და ჯერ კიდევ სახსალამათია, მაგრამ ამჯერად ბედმა უმტყუნა და ტყვია ვერ აიცილა. თითქმის ყოველთვის ასეთ შემთხვევაში იწყებენ ტყვიის ამოღებას, თუმცა მიზეზი გაუგებარია, ხანდახან ამბობენ, რომ ეს საჭიროა ინფექციის შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

ჯერ ერთი, ტყვია სტერილურია. მეორე, ექიმები ჭრილობის დამუშავებისას არ ჩქარობენ ტყვიის ამოღებას, რადგან ამან შეიძლება გაცილებით გაართულოს დაჭრილის მდგომარეობა. მაგალითად, ზოგი ექსპერტი თვლის, რომ აშშ-ს პრეზიდენტები გარფილდი და მაკინლი(ორივე დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლეს) შესაძლოა ცოცხლები დარჩენილიყვნენ ექიმებს ტყვიის ამოღება რომ არ ეჩქარათ.

აქვე შევნიშნოთ, რომ ხელში ან ფეხში დაჭრა არც ისე უვნებელია, როგორც ფილმებში ჩანს. კიდურებში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სისხლძარღვია, რომელთა დაზიანებამაც შეიძლება დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა და სიკვდილი გამოიწვიოს. მეტიც, ამ დროს კუნთი შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ ფუნქციონირება წლების შემდეგაც არ აღუდგეს.

9. ყოვლისშემძლე კომპიუტერები

ისეთი ფილმების ყურების შემდეგ, როგორიცაა ”კერკეტი კაკალი 4”, ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ჰაკერებს ყველაფერი შეუძლიათ ამქვეყნად. მთავარი ბოროტმოქმედი ქალაქის ინფრასტრუქტურის ქსელის მანიპულირებით აფეთქებს ყველაფერს, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. ეს რომ რეალური იყოს დღეს მთელი მსოფლიო თავდაყირა იქნებოდა.

10. სასიკვდილო ავტომატი

ისეთ ფილმებში, როგორიცაა ”კომანდო” არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით, ხშირადაა, რომ თუ ვინმემ ავტომატი ჩაიგდო ხელში, იქ ყველაფერი ტყვიების წვიმით დაიფარება.

თუმცა რეალობა ბევრად უფრო მოსაწყენია: AK-47-ს წუთში 600 ტყვიის გასროლა შეუძლია, თითო მჭიდში(აბოიმა) კი 30 ან 45 ტყვია ეტევა. შესაბამისად, ასეთი ავტომატიდან მხოლოდ რამდენიმე წამი შეიძლება სროლა.

ნანახია: 794 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: