მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა ადამიანზე
10:45 PM
მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა ადამიანზე


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა შეისწავლა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მობილური ტელეფონის  გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ენერგიის მავნე გავლენის და დასაშვები ნორმების  შესახებ  საზოგადოებისთვის რჩევების მიცემა და ასევე, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან თავდაცვის ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

დღეს, როდესაც მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრების პრაქტიკულად  განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გთავაზობთ, ვიცხოვროთ მობილურ  ტელეფონთან ერთად ისე, რომ მან არ დააზიანოს და  საფრთხე არ შეუქმნას თქვენს  ჯანმრთელობას. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ:

ü  რას წარმოადგენს SAR (Specific Absorption Rate –ენერგიის  შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტი (ეშფკ)?  

ü  როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი  – SAR-ის ნორმა?

2005  წელს საერთაშორისო ელექტროტექნიკურმა კომისიამ (International Electrotechnical Commission, IEC) შეიმუშავა   მობილური ტელეფონის  ენერგიის  შთანთქმის ფარდობითი  კოეფიციენტის  (SAR– ის) გაზომვის  სტანდარტი  – IEC 62209-1.  მისი გაზომვის ერთეულია ვტ/კგ – ანუ სხეულის გარკვეულ მასაზე მოსული სიმძლავრე. ამ სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ: ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი  (European Committee for Electrotechnical Standardization, CENELEC) და  აშშ–ს ელექტროტექნიკოსებისა და  ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტი  (Institute of Electrical and  Electronics  Engineers, IEEE).ახალი სტანდარტი  განეკუთვნება მობილური ტელეფონების გამოსხივების ენერგიის შთანთქმის  ფარდობითი  კოეფიციენტის     დონის გაზომვას 300 მგჰც – 3 გჰც დიაპაზონში. ის ეხება მხოლოდ გაზომვის მეთოდიკას და არა თვით  გამოსხივების დასაშვებ შთანთქმულ სიმძლავრეს.

მობილური  ტელეფონების  გამოსხივების დასაშვები დონეები  ევროპისათვის დადგენილია   არამაიონიზებელი გამოსხივების საერთაშორისო კომისიის (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection, ICNIRP) მიერ, ხოლო აშშ–ში ელექტროტექნიკოსთა  და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტის   მიერ. ეს ნორმები  მოიწონა  ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ.

SAR-ის  დასაშვები ნორმებია:

ევროპაში –  0,08 ვტ/კგ (მთელი სხეულისათვის) და 2 ვტ/კგ–ზე (გამოსხივების დოზიდან გამომდინარე, რომელსაც შთანთქავს  სხეულის 10  გრამი ქსოვილი).  აშშ–ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (Federal Communications Commission  – FCC) მიერ SAR–ის ნორმები გამკაცრებულია, შესაბამისად,  0,08 ვტ/კგ და 1,6 ვტ/კგ  (გამოსხივების დოზიდან გამომდინარე, რომელსაც შთანთქავს  სხეულის 1  გრამი  ქსოვილი).  ევროპის მიერ   არსებობს  დაშვება SAR-ის მნიშვნელობის გაზრდაზე 4 ვტ/კგ – მდე სხეულის ზოგიერთი ნაწილისათვის, მაგალითად,  ხელებისათვის.ევროპული ნორმატივი  გამოიყენება ევროპაში,    იაპონიაში, კორეაში, რუსეთში და სხვა  ქვეყნებში.  აშშ–ს ნორმები–აშშ–ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სხვა ქვეყნებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზემოთ ხსენებული კვლევების შესაბამისად, იმისთვის რომ რაც შეიძლება ნაკლები ელექტრომაგნიტური დასხივება მივიღოთ, მობილური ტელეფონის მოხმარების და შერჩევის გარკვეულ სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებს გთავაზობთ:

პირველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავი მოუყარა 2 700–მდე მობილური ტელეფონის SAR–ის  მონაცემებს და შექმნა ონლაინ მობილური ინფორმერი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ  გვერდზე და კომისიის Facebook-ის ფან გვერდზე იქნება განთავსებული. მობილური ტელეფონების პოტენციურ მყიდველებს შესაძლებლობა ექნებათ მობილური ტელეფონის აპარატის შერჩევისას მიიღონ ინფორმაცია  SAR–ის  მონაცემების შესახებ.  (შენიშვნა: ტესტები  SAR–ის გაზომვაზე  ტარდება მობილური ტელეფონის სტანდარტულ მუშა მდგომარეობაში,  ამასთან, ტელეფონი უნდა მუშაობდეს გამოსხივების მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ყველა სერტიფიცირებულ დიაპაზონში).

ასევე, გთავაზობთ, მობილური ტელეფონის მოხმარების გარკვეულ წესებს, ისე რომ მან არ დააზიანოს და  საფრთხე არ შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას:

1. რაზეა დამოკიდებული მობილური ტელეფონის SAR–ის სიდიდე?

 

SAR–ის მნიშვნელობა განისაზღვრება მობილური ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლებით (გამოსხივებული სიმძლავრე, ეკრანირება და სხვა). ამავე დროს,  SAR–ის  სიდიდე დამოკიდებულია  ადამიანის თავთან მობილური აპარატის ძირითადი გამომსხივებელი ანტენის სიახლოვეზე. ანტენის კონსტრუქციაზე,  ანუ ტელეფონით საუბრისას  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ანტენის განთავსების ადგილი მობილური ტელეფონის კორპუსში.

 

2.როგორ შევარჩიოთ ნაკლები გამოსხივების დონის მობილური ტელეფონი?

იმათთვის, ვისაც სურს აირჩიოს ტელეფონი გამოსხივების ნაკლები დონით, რეკომენდაცია ეძლევათ იხელმძღვანელონ შემდეგი მარტივი წესებით: დაინტერსდით რამდენია ამ ტელეფონის SAR; ეს შესაძლებელია გააკეთოთ წინასწარ, ინტერნეტის საშუალებით; აირჩიეთ მოდელი SAR–ის მცირე მნიშვნელობით; გაარკვიეთ მობილური ტელეფონის კორპუსში  ანტენის განთავსების ზუსტი ადგილი (ძირითადად ის განთავსებულია ტელეფონის კორპუსის ზედა ნაწილში), მათ,  ვისაც სურთ მთლიანად აიცილონ ზემაღალი სიხშირის ზემოქმედება, რეკომენდაცია ეძლევათ გამოიყენონ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის ინფორმაციის უსადენო გაცვლის ტექნოლოგია (უსადენო ყურსასმენები)  – ბლუთუზი (Bluetooth).

 

3.  შეუძლია თუ არა ჩართულ ტელეფონს  ლოდინის რეჟიმში (idle/standby) ზიანი მიაყენოს ადამიანს? რომელ რეჟიმშია  მობილური ტელეფონის  გამოსხივება ყველაზე საშიში?

თუ ტელეფონი იმოფება ლოდინის რეჟიმში, მაშინ გამოსხივება უმნიშვნელოა, ვინაიდან საბაზო სადგურთან მონაცემების გაცვლა წამის მეათედებში მიმდინარეობს. ამდენად, ამ შემთხვევაში  ტელეფონი შეიძლება გქონდეთ იქ, სადაც მოხერხებულია თქვენთვის. ლაპარაკის დროს კი შეეცადეთ ტელეფონი გეჭიროთ  გარკვეულ  მანძილზე თავიდან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარგებლობთ გარნიტურით. აქვე აუცილებელია განვმარტოთ, რომ  თავად ტელეფონით საუბარი იყოფა ორ ნაწილად: სხვა აბონენტის გამოძახება და საუბარი. გამოძახების დროს თქვენი ტელეფონი საბაზო სადგურის მეშვეობით  უკავშირდება  სხვა აბონენტს. ამასთან, რაც უფრო ახლოს არის საბაზო სადგური, მით უფრო ნაკლებ სიმძლავრით ერთვება თქვენი ტელეფონი, ვინაიდან ხდება  საბაზო სადგურთან მობილური ტელეფონის სიმძლავრის ადაპტაცია. შემდეგ ხდება ჩართვა. სწორედ ჩართვის პროცესში ვითარდება  ელექტრომაგნიტური სიმძლავრის   ნაკადის მაქსიმალური სიმკვრივე. კერძოდ, GSM სისტემებისათვის დაახლოებით 18 მვტ/სმ2, მაშინ როდესაც საუბრისას სიმძლავრის ნაკადის მაქსიმალური სიმკვრივე  შეადგენს მხოლოდ 2 მვტ/სმ2, ე.ი. 9–ჯერ ნაკლებს.  ამდენად,  მობილურ ტელეფონს ყველაზე მეტი გამოსხივება  აქვს  კავშირის დამყარების    მომენტში  და არა მაშინ, როდესაც თქვენ საუბარს ახორციელებთ.

 

4.  რკინაბეტონის კონსტრუქციის შენობებში (გარდა მსხვილი სავაჭრო ცენტრების,  სადგურების და სხვა ასეთი ტიპის შენობებისა, სადაც მობილური ტელეფონების ოპერატორებს შეიძლება განთავსებული ჰქონდეთ ლოკალური საბაზო სადგურები) შესაძლებლობისდაგვარად უნდა მიხვიდეთ ფანჯარასთან, ან კიბეებს შორის. ცუდი მიღების შემთხვევში მობილური ტელეფონით ზარის განხორციელების დროს ელექტრომაგნიტური გამოსხივება მკვეთრად იზრდება. თუ იმყოფებით ცუდი მიღების ზონაში (ტელეფონის დისპლეიზე ჩანს  მიღების დონის შკალის ნახევარი), საუბრის ხანგრძლიობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, ან, შეძლებისდაგვარად, ხმოვანი შეტყობინებიდან გადახვიდეთ SMS შეტყობინებაზე.

 

5.როგორ უნდა გვეჭიროს მობილური ტელეფონი?

საუბრისას ტელეფონი უნდა გვეჭიროს ისე, რომ ანტენა ხელით  არ დავფაროთ.  ხელით არ უნდა  დავფაროთ კორპუსის (განსაკუთრებით ზედა,  იშვიათად,  ქვედა) მესამედზე მეტი.

 

6.შეერთების დამყარების მომენტში GSM  ტელეფონები ჩვეულებრივ მუშაობენ დიდ სიმძლავრეზე (როგორც ზემოთ ვნახეთ 9–ჯერ მეტ სიმძლავრეზე,  ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში საუბრის დროს), ამიტომ  თქვენი ტელეფონიდან გამომავალი ზარის შემთხვევაში  ყურმილი ყურთან უნდა მიიტანოთ ნომრის აკრეფიდან რამოდენიმე წამის შემდეგ (კავშირის დამყარების მომენტი ტელეფონების უმეტესობაზე შეიძლება დაადგინოთ დისპლეის ინდიკაციის მიხედვით).

 

7.ხანგრძლივი საუბრისას რეკომენდებულია მოიხსნათ  მეტალის ჩარჩოიანი სათვალე, ვინაიდან ასეთმა  ჩარჩომ შეიძლება შეასრულოს მეორადი გამოსხივების როლი და  გამოიწვიოს გამოსხივების  სიმძლავრის გავლენის გაზრდა. სასურველია არ ვისაუბროთ მობილური ტელეფონით 4–5 წუთზე მეტი.

 

8. სიმძლავრის შესამცირებლად რეკომენდებულია გამოიყენოთ აქსესუარი: უსადენო გარნიტურა – ბლუთუზი (Bluetooth).

9. რომელი ადგილია     ყველაზე უსაფრთხო  ტელეფონის სატარებლად?

ყველაზე უსაფრთხოა მობილური  ტელეფონი ვატაროთ ბარძაყის გარე მხარეზე, მუხლსზემოთ.

 

10.როდის უფრო მეტია მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული სიმძლავრე–საუბრის დროს თუ მონაცემების გადაცემისას (SMS)?

GSM   ტექნოლოგიით სარგებლობისას მონაცემების  გადაცემის    მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS)    რეჟიმში  ზემაღალი სიხშირის გამოსხივების ინტენსივობა იზრდება. თუმცა, SMS–ის გაგზავნის შემთხვევაში, როგორც წესი გადაცემის ხანგრძლივობის სიმცირიდან გამომდინარე ზეგავლენაც მცირეა.

 

11. არ არის მიზანშეწონილი ლაპარაკი მანქანის სალონიდან, ვინაიდან მანქანიდან საუბრისას მანქანის კორპუსი მნიშვნელოვნად ამცირებს საბაზო სადგურიდან მოსული ელექტრომაგნიტურ სიმძლავრეს, რაც ზრდის მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივების სიმძლავრეს.

12.მობილური  ტელეფონი და ბავშვები

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს 8 წლამდე ბავშვების მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობას და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ საუბრის ხანგძლივობა.

ამ შემთხვევაში ლაპარაკის ხანგრძლივობა უნდა შევზღუდოთ 1–2 წუთით. ამასთან ერთად,  დარეკონ მხოლოდ  განსაკუთრებული  აუცილებლობის  შემთხვევაში. ასწავლეთ როგორ უნდა ეჭიროთ მობილური ტელეფონი.

თანდართული დოკუმენტები: მობილურის ინფორმერი

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ნანახია: 875 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: