მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » მისტიკური ნახატი
7:42 PM
მისტიკური ნახატი

სიურეალიზმი ხელოვნების საკმაოდ უცნაური მიმდინარეობაა, მაგრამ მის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებსაც, ისეთი, როგორიცაა სალვადორ დალი, არ შეუქმნიათ ხელოვნების ნიმუში, რომელიც ადამიანს ჭკუიდან გადაიყვანდა. ისტორიაში არსებობს შემთხვევები, როცა რაიმე ნამუშევარმა საზოგადოებაში მკვეთრი რეაქციები გამოიწვია, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ადამიანს ტირილი და ნერვიულობა დაეწყო ან ისტერიკაში ჩავარდნილიყო. გამონაკლისი მხოლოდ ამ სტატიაში განხილული სურათია.

ბილ სტოუნჰემი - ადამიანი, რომელის წარსულზეც არავინ არაფერი იცის, ინტერნეტში მის ბიოგრაფიაზე მხოლოდ 2-3 წინადადება თუ შეგხვდებათ. ცნობილია, რომ ის დაიბადა 1947 წელს ბოსტონში, მის ცნობილ ნახატს კი ”The Hands Resist Him” (”ხელები მას ეწინააღმდეგება”) ჰქვია. ტილო შექმნილია ფოტოს მიხედვით, რომელზეც 5 წლის ავტორი და მისი უმცროსი და არიან გამოსახული.

ამ ნამუშევარს საკმაოდ ”ბნელი” ისტორია აქვს. ავტორის შემდეგ პირველი ადამიანი, ვინც ეს სურათი ნახა, ხელოვნებათმცოდნე და გაზეთ "Los Angeles Times"-ის მფლობელი იყო. ის მალე გარდაიცვალა. შემდეგ, ნახატი მსახიობ ჯონ მარლის მფლობელობაში გადავიდა, რომელიც ასევე გარდაიცვალა 1984 წელს. ამის შემდეგ ტილო ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე იპოვეს და ოჯახის წევრები, რომლებმაც ის შეინახეს, ამტკიცებდნენ, რომ ნახატზე გამოსახული ბავშვები მოძრაობდნენ, მეტიც, თითქოს ისინი ჩხუბობდნენ ხოლმე ან კარის უკან იმალებოდნენ, თუმცა ამას მხოლოდ 4 წლის გოგონა ამბობდა... ოჯახის უფროსმა ოთახში ვიდეო-კამერა დააყენა, რომელიც მხოლოდ მოძრაობისას ირთვებოდა და როგორც შემდეგ ცნობილი გახდა, ის არაერთხელ ჩაირთო, მაშინ, როცა ოთახში არავინ იყო.

სკანდალი, რომელიც ”The Hands Resist Him”-თანაა დაკავშირებული, ერთ-ერთ გამოფენაზე დაიწყო (ამ გამოფენის შესახებ ინტერნეტში არაფერია ცნობილი), როცა სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებმა ტირილი დაიწყეს და ზოგმა გონება დაკარგა. ამ ნახატმა განსაკუთრებული პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როცა ის ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე გამოიტანეს გასაყიდად. მისი საწყისი ფასი 199 დოლარს შეადგენდა, ხოლო გაიყიდა 1025 დოლარად და მისი მფლობელი ვინმე კიმ სმიტი გახდა. მას კიდევ დიდხანს სთავაზობდნენ დახმარებას ექსტრასენსები და სხვადასხვა სპეციალისტები პარანორმალურ საკითხებში. ასევე, მფლობელის მისამართით უამრავი წერილი მიდიოდა, რომლებშიც ხალხი წერდა, თუ რამდენად ცუდად გახდნენ ამ სურათის ნახვის შემდეგ.

ამ ყველაფრის ნაწილი მაინც გამოგონილი თუ არ არის, ალბათ, გაზვიადებული მაინცაა. თუმცა ბევრი ხალხი, რომლებსაც არანაირი პარანორმალურობის არ სჯერათ, აღიარებს, რომ ეს ნახატი ჩვეულებრივი არაა და ადამიანზე მართლაც ახდენს ზემოქმედებას.

ნანახია: 741 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: