“აუდიმ” მომავალი სეზონისთვის ახალი “R8 LMS ულტრა” მოამზადა - 2 იანვარს 2012 - nikaika.ucoz.com
მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » “აუდიმ” მომავალი სეზონისთვის ახალი “R8 LMS ულტრა” მოამზადა
5:18 PM
“აუდიმ” მომავალი სეზონისთვის ახალი “R8 LMS ულტრა” მოამზადა

       როგორი შესაცვლელია ავტომობილი, რომელსაც 12 საერთაშორისო და ეროვნულ სარბოლო სერიაში 115 გამარჯვება აქვს მოპოვებული?

პასუხი მარტივია – არ შეცვლით. მხოლოდ დიდი სიფრთხილით ჩაუტარებთ მოდიფიკაციას, რათა გამარჯვებების სერია არ შეწყდეს. და ეს პროცესი, ნებისმიერი დიდი შესაძლებლობების მქონე მწარმოებლისთვის სერიოზული გამოწვევაა.

მაგრამ ეს არ აშინებს "აუდის” სპორტულ ავტომობილების მწარმოებელ შტო "კვატროს”, რომელმაც სარბოლ მოდელ R8 LMS-ს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი და ბრძოლისუნარიანი ვერსია "ულტრა” მოამზადა. "კვატროს” მმართველი დირექტორი ვერნერ ფროვეინი ამბობს, რომ მისმა ინჟინრებმა კლიენტი გუნდების მოსაზრებები და სურვილები გაითვალისწინეს და მოდიფიკაცია სწორედ ამის შესაბამისად დაგეგმეს.

მოთხოვნათაგან პირველი ავტომობილის წონას შეეხებოდა. "R8 LMS ულტრას” ორივე კარი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. მასშივე გამოყენებულია ენერგიის შთანმთქმელი ქაფი, რითაც არამხოლოდ ამ დეტალების წონა შემცირდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პასიური უსაფრთხოებაც. იგივე მიზნებს ემსახურება ახალი სავარძელიც.

დაიხვეწა საკიდარიც. "ბილშტაინმა” ნაკლებ წნევაზე მომუშავე, რეგულირებადი ამორტიზატორები დაამზადა. განივი მდგრადობის სტაბილიზატორის დაბოლოებები მრავალბურთულიანი სახსრებით აღიჭურვა. წინა ბორბლებში მოთავსებულ მუხრუჭებს, უფრო ეფექტური გამაგრილებლები მოემსახურება. ავტომობილი კი "მიშლენის” წარმოების უფრო განიერ ბორბლებზე დააყენეს. გაუმჯობესებას ვერც 5.2-ლიტრიანი V10 ძრავი "გადაურჩა”, რომელიც უფრო ეფექტური გამაგრილებლით და შეცვლილი გამოსაბოლქვით აღიჭურვა. ამ უკანასკნელის დახმარებით, ძრავი შედარებით დაბალ ბრუნვებზევე ავითარებს დიდ მაბრუნ მომენტს. მისმა სიმძლავრემ კი 570 ცხენის ძალას მიაღწია.

საიმედობის გასაუმჯობესებლად, რასაც გამძლეობაზე რბოლებში დიდი მნიშვნელობა აქვს, "კვატროს” ინჟინრებმა ტრანსმისიაც დახვეწეს. ძრავის და ტრანსმისიის ზეთის გაგრილებას კი ახალი, უფრო ეფექტური სისტემა მოემსახურება. ამისათვის კი გაზრდილია არამარტო რადიატორი, არამედ მის გვერდით მოთავსებული ჰაერის ამღები ლაყუჩებიც. რა თქმა უნდა, შეიცვალა ავტომობილის აეროდინამიკური პაკეტიც. მაგალითად, ახალია კაპოტი, რომელიც უფრო გააგანიერეს და ამგვარად, ის ამწევ ძალას ამცირებს. გაიზარდა უკანა ფრთაც რომელიც ჩაჭიდების ძალას ზრდის. ამ ფრთის ოპტიმალურ ადგილზე დამაგრებისთვის, ავტომობილმა აეროდინამიკურ მილში არაერთი საათი გაატარა. წინა ნაწილის უკეთეს მდგრადობას კი ახალი ძირი-ფირფიტა ნუზრუნველყოფს.

"აუდი R8 LMS ულტრას” ფასი 329 900 ევროა, ოღონდ ამ ფასში არ შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი და ტრანსპორტირების ღირებულება. გარდა ამისა, გერმანული კომპანია R8 LMS-ის მფლობელებს "ულტრას” პაკეტის დაყენებას სთავაზობს.

ნანახია: 96 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: